English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ანა ჩაგელიშვილი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისა და განვითარების პრობლემები საქართველოში

         შშმ პირთა შრომითი უფლებების დაცვა და რეალიზება მრავალი განვითარებადი ქვეყნისთვის დამახასიათებელი პრობლემაა, რაც საქართველოსთვისაც უცხო არაა. რადგან საქართველოში დასაქმება პრობლემური საკითხია, შშმ პირთა დასაქმებაც ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევად არის ქცეული.
         სტატიის მიზანია შშმ პირთა საქართველოში, დასაქმებისა და განვითარების მდგომარეობის შესწავლის გზით, პრობლემებისა და პერსპექტივების გამოვლენა, გაანალიზებულია ეროვნული ნორმატიული ბაზა, სახელმწიფო პროგრამებისა და სტრატეგიების ეფექტიანობა, მიმოხილულია ამ მიმართულებით არსებული კვლევების შედეგები, თავმოყრილია შშმ პირთა დასაქმება-განვითარების პრობლემები და რიგ საკითხებზე გამოთქმულია ავტორისეული შენიშვნები, დასკვნები და რეკომენდაციები.
         ნორმატიული ბაზის ანალიზმა აჩვენა, რომ გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან“ ჰარმონიზების მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან, წინგადადგმული ნაბიჯია 2021 წლიდან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება, რაც აღსრულების თვალსაზრისით უფრო მოქნილი ჩანს და ითვალისწინებს მანამდე არსებულ მთელ რიგ შენიშვნებსა და შშმ პირთა დასაქმებისა და განვითარების მიმართულებაში, სახელმწიფოს წამყვან როლს ანიჭებს, თუმცა, სექტორთშორისი თანამშრომლობა პრაქტიკაში გაცილებით მეტი ეფექტიანობით ხასიათდება.
შშმ პირთა, დასაქმებისა და განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფოს მოქმედი სტრატეგიებისა და პროგრამების ფარგლებში, ხელფასების სუბსიდირებისა თუ სტაჟირების სტიპენდიის თანხები გაზრდილია წინა წლებთან შედარებით. სუბსიდირებისა და სტაჟირების პერიოდის გასვლის შემდგომ შრომითი ურთიერთობის 6 თვემდე ვადით გაგრძელების ვალდებულებამ, შესაძლოა პრაქტიკაში საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს, კერძოდ, დამსაქმებელმა აღნიშნული ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით თავიდანვე უარი თქვას შშმ პირის დასაქმებაზე და ის მოკლევადიანი და ფრაგმენტული დასაქმების მაჩვენებლებიც აღარ გამოვლინდეს. ამ მიმართულებით რეკომენდებულია მექანიზმის ისე მორგება, რომ ვალდებულებასა და სუბსიდირებას მონაცვლეობითი ხასიათი ჰქონდეს. რაც შეეხება სუბსიდირების პერიოდს, ის ემთხვევა სეზონურ სამუშაოებს, რაც შშმ პირთა გრძელვადიან დასაქმებას გამორიცხავს.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დადგინდა შშმ პირებისთვის დამატებითი ქულის მინიჭების საკითხი, რაც მათი თვითდასაქმების შესაძლებლობას უფრო მეტად რეალურს გახდის.
სახელმწიფოს წამყვანი როლის პარალელურად, მნიშვნელოვანია სექტორთაშორისი ვალდებულებების გაწერა კანონმდებლობით, ხოლო ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რეკომენდებულია შშმ პირებზე მორგებული და მათზე პასუხისმგებელი დაწესებულების განსაზღვრა ან ფორმირება.
         კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ გაწერილი ვალდებულებისა, დღესდღეობით შშმ პირთა დასაქმება-განვითარების საკითხებზე არ არსებობს სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია, ხოლო სხვადასხვა უწყებების მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს შორის მაღალი ცდომილებაა. აღნიშნული პრობლემა დაკავშირებულია, როგორც მეთოდოლოგიასთან, ასევე სხვადასხვა უწყებაზე ინფორმაციის წარმოების გადანაწილებასთანაც, რისი მოგვარებაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის ვალდებულებების დაკისრებაშია.
რაც შეეხება შშმ პირთა დასაქმების ხელშემშლელ ფაქტორებს, ის ძირითადად დაკავშირებულია: არაადაპტირებულ ინფრასტრუქტურული გარემოსთან, ინფორმაციის ხელმისაწვოდომობის პრობლემასთან, დამსაქმებლის დამოკიდებულებასთან, რაც, რიგ შემთხვევაში, დისკრიმინაციულია, ხოლო რიგ შემთვევებში შშმ პირების არაკვალიფიციურობითაა გამყარებული, საზოგადოების ცნობიერებასთან, რაც თავად შშმ პირების თვითშეფასებასაც მოიცავს, დასაქმებასა და განვითარებაში მხარდამჭერი მუშაკების რაოდენობის, გეოგრაფიული განფენილობისა და კვალიფიკაციის საკითხებთან – ეს ყველაფერი შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევაში, საერთოდაც უკარგავს აზრს მათ დასაქმებას.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ შშმ პირთა შრომითი უფლების რეალიზებისათვის, ახალი კანონმდებლობის ამოქმედება წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ეფექტიანობა ფასდება პრაქტიკაში რეალიზებული ინიციატივებით. ამ მიმართულებით კი მდგომარეობა გაურკვეველი და არადამაკმაყოფილებელია.
         საჭიროა სტრატეგიებისა და პროგრამების გამყარება-კორექტირება კვლევის შედეგებით, რაც დიდი ალბათობით მოაგვარებს შშმ პირთა მოკლევადიანი დასაქმების პრობლემას. ინკლუზიური ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნის კუთხით თვითმართველობათა გააქტიურება მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მოვლენა იქნება, ხოლო ტოლერანტული გარემოს შექმნისათვის საზოგადოების სურვილი და ჩართულობა, მნიშვნელოვნად შეცვლის დამოკიდებულებებს.

საკვანძო სიტყვები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დასაქმება, განვითარება.
JEL Codes: E24, K38, O15.